"იაშვილის კლინიკაში, პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა", - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გრიპის და სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი დეკემბერ-იანვრის თვეში არის, წელს ეს პიკი მარტი-აპრილის პერიოდში მოვიდა. ანუ, შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპურ პერიოდს დაემთხვა და უფრო მეტიც, გრიპის შემთხვევები მაისშიც კი ფიქსირდებოდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა.
2020-2021 წელს საქართველოში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გრიპის 2 შემთხვევა იყო. წელს მარტო იაშვილში, პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, გრიპის 44 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, რაც გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, თუმცა ასეთი დიდი რაოდენობის შემთხვევები ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სეზონზე და ამ პერიოდში ყოფილიყო. ეს სრულიად განსხვავებულია. ამის უკან ვირუსი დგას და არა ბაქტერია. ბაქტერიული პნევმონია მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მაგრამ წელს, ასევე, გრიპისა და გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული ფილტვების ანთების პიკი გვაქვს“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.