NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს გზებს, თუ როგორ გააძლიეროს პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იენს სტოლტენბერგი მსგავსი მოწოდებით გამოდის. უკრაინაში ომის ფონზე პარტნიორების მხარდამჭერის გაძლიერების გზავნილებით NATO-ს გენერალური მდივანი არაერთხელ გამოვიდა.
„ორ კვირაში ჩვენ შევხვდებით მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ უფრო სახიფათო სამყაროში, ჩვენ NATO უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და კიდევ უფრო მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. დღეს საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთსა და ევროკავშირს.
გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას დაუყოვნებლივ. მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების ჩათვლით. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან. ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება.