პრეზიდენტი: პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ პრესმდივანი აკეთებს საჯარო კომენტარებს ამ თემაზე.

„პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება!

რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, - აღნშნულია პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედთან“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება „ვერ მოხერხდა“.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.