ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“.
„არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.