საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა.
მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებსაც შეხვდა.
საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.