ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

  • უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა.

„მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსიც, იმის საფუძველზე, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი.

უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას აქვს განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას. ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტიანად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა ხდება მოსამართლეების შერჩევა, საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას.

ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, დარჩა უმცირესობებზე კანონის მიღება. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს ვესაუბრე, როდესაც კიევში, ათი დღის წინ ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია.

უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეფასების პროცესი იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით.

„მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში, მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის რეფორმების ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად. მოლდოვას ასევე, ძალიან გრძელი გზა აქვს, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ.

„მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შემდეგი ეტაპი: ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ევროკომისიის ამ შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს.

მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი  გადასცა - ტაბულა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.