სამგორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამგებლის კახა სამხარაძის გადადგომა მოითხოვეს.
აქციაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ სამხარაძე მაღალი თანამდებობის პირია და, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვს. პოლიტიკოსის თქმით, სამგორის გამგებელმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს:
„ეს ადამიანი არის თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. მას თმენის მოვალეობა აქვს. უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ. მეორე, დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, კახა კალაძეს მოვთხოვთ გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უხამსი სიტყვებით მოიხსენია, შემდეგ კი „ფეისბუკ პოსტი“ წაშალა.