ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ მომავალს ითხოვს, არ არის დრო, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები? - მიჰაილ გალარი

ევროპარლამენტარ მიჰაილ გალარის (EPP, გერმანია) შეფასებით, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაშია გამოსული ევროპული მომავლის მოთხოვნით.

„ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვოს ევროპულ მომავალს, განა ახლა არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს, გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან, ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი.

20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც.

აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.