„შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოვისმინე პარლამენტში, საზოგადოებამ აჩვენა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა - პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით პრემიერის გამოსვლა პარლამენტში.
„პარლამენტში დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ - ზრდილობა თავშეკავება, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ.
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - რომ “ყველაზე კარგები ვართ და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა“, - ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.
შენ, როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამ - ერთი, შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება. მეორე - შენგან გაიგონ, რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.
ამ დროს, ჩვენ გვესმის... და ვინც მოუსმინა, ალბათ, ყველა გაოგნებულია და მეც ვარ გაოგნებული დღევანდელი დღით. მინდა, აქედან გავაგზავნო სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. პასუხები აღარ მაქვს კითხვებზე, ეს ყველაფერი ნებსით ხდება, უნებლიედ, თუ საგანგებოდაა გაკეთებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.