პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე: შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.