პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „კონსულტაცია გაიმართება ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა მიიღონ ეს კანონი“.
„მე როცა ვთქვი, რომ ჩვენ მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებ, ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხხადებთ. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ - დეოლიგარქიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება.
გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა (რედ. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამას მთავრობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს, თავის მხრივ, კი მზადაა, პოლარიზების დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთოს“).
მან კიდევ ერთხელ გაიემეორა, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატი და ქველმოქმედია. პრემიერმა ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების: „მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.