დედოფლის წყაროში, ნავთობმომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, 11 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.
კომპანიისგან კუთვნილი ხელფასის მიღებას 84-მდე თანამშრომელი ითხოვს.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ კომპანია მათ კუთვნილ ხელფასს დროულად არ დაფარავს, პრობლემას პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ და აშშ-ის ელჩთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, დაპირება არ შეასრულა და თანამშრომლების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება არ დაფარა. ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დღემდე ვერ მოხერხდა, კომაპნია კი ამ დრომდე უკანონოდ ახორციელებს ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს. 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად, სამსახურში აღდგენასაც ვითხოვთ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, სამსახურიდან მას შემდეგ გათავისუფლეს, რაც ძველი ხელფასის მიღება მოითხოვეს.
„ჩვენ მადლობელი ვართ ხელისუფლების, რომ ფინანსურად დაგვეხმარა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ გვიხდის კომპანია „ფრონტერა“ 11 თვის ხელფასს. ჩვენი, როგორც დასაქმებულების უფლებები რომ დაირღვა, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ვითხოვთ. არ გვინდა, რომ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანოთ, მაგრამ როცა სამართლიანია ჩვენი მოთხოვნა, არ გავჩერდებით. ეს გამაფრთხილებელი აქცია, შემდეგ უკვე ალბათ ამერიკის ელჩთან და პრემიერთან შეხვედრასაც მოვითხოვთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე ივერი წიკლაურმა.
სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. 2020 წლის აგვისტოში "ფრონტერამ" მორიგი განცხადება გამოაქვეყნა
"23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს კონტრაქტის შეწყვეტას ჩვენს კომპანიასთან, რითიც გვემუქრებოდნენ აპრილიდან მოყოლებული. მსგავსი დადებითი განცხადებების გავრცელება მედიაში მთავრობის სხვა წევრებმაც გააგრძელეს. ფრონტერა მიესალმა ამ ამბავს. მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ პრემიერ მინისტრის ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ასახულიყო. უფრო მეტიც, პრემიერ მინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ „დროებით აჩერებს“ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას. რაზეც მეტყველებს ამ დღეებში მთავრობის მიერ ორგანიზებული და გავრცელებული ყალბი ამბები, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, თითქოს ფრონტერას 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია და ა.შ. ეს სიცრუეა!"- აღნიშნულია კომპანიის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2020 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ „ფრონტერას“ მიმართა, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, „ფრონტერამ“ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მხრიდან „კონტრაქტით“ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი. 2020 წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინა „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერას“ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო", - აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ზაფხულში გავრცელებულ განცხადებაში.