სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდა სხვადასხვა საელჩო და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.