26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ,,სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ.
ცნობისთვის, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.