მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა

მარნეულში ხუთსართულიანი შენობის აივნების ჩამონგრევის შედეგად, ორი ქალი დაიღუპა და ორი ბავშვი დაშავდა.

რადიო თავისუფლება თვითმხილველთა მონაყოლზე დაყრდნობით იუწყება, რომ 26 ივნისს, საღამოს ნარიმანოვის ქუჩაზე შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე იმყოფებოდა შუა ხნის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ნანგრევებში მოყვა იქვე, ეზოში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. ის მძიმედ დაშავდა, რომელიც მოგვიანებით, თბილისში, კლინიკაში გარდაიცვალა.

დაშავდა ეზოში მყოფი ორი ბავშვი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინციდენტს შს სამინისტრო იძიებს. მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (გაუფრთხილებლობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია).