იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. საბჭოს ჩინჩალაძის გარდა ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავს. ის ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით აირჩიეს.
მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას წინააღმდეგობას უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი კანდიდატურა არ დაემტკიცებინა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების უმრავლესობამ ჩინჩალაძის კანდიდატურის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და განსხვავებული აზრი დარბაზში არ გაჟღერებულა.