პოლიციამ მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავა. ის „ლუჟნიკის“ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მასტან ადვოკატი არ შეუშვეს.
ცნობისათვის, ილია იაშინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას და ომს უკრაინაში, საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებს.
ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ, პირველმა, წუხელ ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა გაავრცელა. მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ილია იაშინთან ერთად სეირნობდა პარკში, სადაც პოლიციელები მივიდნენ და იაშინი წაიყვანეს, გაუგებარია სად.
ილია იაშინის ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის ინფორმაციით, მოწმობის და ორდერის მიუხედავად, ის დაკავებულთან არ შეუშვეს. ადვოკატის თანახმად, ილია იაშინს სავარაუდოდ, ბრალს სდებენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და სასამართლოში სხდომა დღეს, 28 ივნისს გაიმართება. იაშინს 15 დღით პატიმრობა ემუქრება.