რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თითქმის ერთი დღის შემდეგ აღიარა, რომ უკრაინის პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსმა სამხედროებმა განახორციელეს.
სარაკეტო დარტყმის სამიზნეს წარმოადგენდა კრემენჩუკის „საგზაო მანქანების ქარხანა", სადაც რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახება.
„ზეზუსტი“ დარტყმის შედეგად განადგურებულია დონბასში უკრაინის ჯარებისთვის გასაგზავნად საწყობის ტერიტორიაზე კონცენტრირებული დასავლური წარმოების საბრძოლო მასალა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სარაკეტო დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება. სამშაბათის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 18-ს შეადგენს, 36 დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავებულია. უკრაინის ხელისუფლება სავაჭრო ცენტრზე დარტყმას ტერორისტულ თავდასხმას და სამხედრო დანაშაულს უწოდებს.
27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს.