„თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს.
ჩვენებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. „პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან.
საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, - განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელია.
იქვე იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“, „ალტ-ინფო" და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ მართავს.
„თბილისი პრაიდი” დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს, თუმცა „პრაიდის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კვირეული გამართვის საშუალებას მათ არ მისცემენ.
ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშბულია, რომ 28 ივნისს პრაიდის კვირეული იხსნება.