ზელენსკი NATO-ს სამიტის მონაწილეებს: უკრაინამ რუსეთის არტილერიის უპირატესობა უნდა დაძლიოს, რათა თავიდან აიცილოს ომის გაჭიანურება

უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ტაქტიკას. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში NATO-ს სამიტზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის დაძლევა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება.

„ეს ფუნდამენტური რამ არის. მანძილი კიევიდან მადრიდამდე ნაკლებია, ვიდრე დღეს ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების დიაპაზონი. შეუძლია თუ არა ერთ სახელმწიფოს უპასუხოს ასეთ საფრთხეს პარტნიორების დახმარების გარეშე? თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ეს დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე გაგვიწიეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. მისი განცხადებით, ახლა ქვეყანას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება და ეს ასევე ფუნდამენტური საკითხია.

„უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ უკრაინასთან ერთადაა შესაძლებელი. ახლა მხოლოდ ერთ ფაქტზე დაფიქრდით: დღეს NATO-ს არაწევრი ქვეყანა, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, ოთხ თვეზე მეტია, აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც თქვენ ყველა, ოფიციალურად ასახელებთ თქვენს მთავარ საფრთხედ. ჩვენ ვაკავებთ რუსეთს ჩვენი განადგურებისგან და თქვენი განადგურებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.