NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას

NATO-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ „ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის“.

„იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ, გააძლიერონ მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესის წინსვლისთვის. ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში.

მისივე თანახმად, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და სარგებელს, ხელს უწყობს სტაბილურობას ალიანსის საზღვრებს მიღმა, აძლიერებს ქვეყნების შიდაუსაფრთხოებას და მხარს უჭერს NATO-ს ძირითად ამოცანებს.

„რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა და სერიოზულად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოების გარემო. მისმა სასტიკმა და უკანონო შეჭრამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმეორებითმა დარღვევამ და საზარელმა თავდასხმებმა და სისასტიკეებმა გამოიწვია ენით აუწერელი ტანჯვა და ნგრევა. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის. მოსკოვის ქცევა ასახავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მისი მეზობლებისა და უფრო ფართო ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ ასევე ვაწყდებით ტერორიზმის მუდმივ საფრთხეს, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. არსებული არასტაბილურობა, მზარდი სტრატეგიული კონკურენცია და ავტორიტარიზმის წინსვლა ალიანსის ინტერესებსა და ღირებულებებს უპირისპირდება“, - ვკითხულობთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაში.

მანამდე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველ პაკეტზე შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას. 
ლიდერების გზავნილი შეხვედრაზე იყო არამხოლოდ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება, არამედ რეალურად გამოაცხადეს იმ დამატებითი სისტემების, იარაღის, აღჭურვილობის შესახებ, რომლებსაც NATO-ს მოკავშირეები ახლა აწვდიან უკრაინას. ჩვენი ყურადღება ახლა უკრაინის მხარდაჭერისკენაა მიმართული. ეს ომი, როგორც სხვა ომების უმეტესობა გარკვეულ ეტაპზე, დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან,  მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს პირობებზე შეთანხმების მიღწევა, რაც უკრაინისთვისაა მისაღები. ჩვენს ფოკუსშია უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე მრავალი სხვადასხვა ტიპის ლეტალური და არალეტალური მხარდაჭერით. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის წევრობის შესახებ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები.

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი აქტიური საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე.

კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.

მადრიდში, 28-30 ივნისს NATO-ს სამიტი იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად.

ოთხშაბათს, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცეს.