კელი დეგნანი: ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ლგბტ საზოგადოების პრობლემებს გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას საქართველოში ლგბტ საზოგადოება.

მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანების უფლებები აქვს პრიორიტეტულ რანგში, საგარეო პოლიტიკაში და მთავარი აქ გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მას ეპყრობოდნენ ღირსებით, ჰქონდეს თავისუფალი ცხოვრება შიშის გარეშე. მათი ეს უფლება არანაირად არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს სხვის კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კონვენციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საკითხი დგას ასე, ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 „თბილსი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს გაიხსნა.