ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სტატუსი შეიცვალა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა.
საქართველოს მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.
„საქართველოს სტატუსი „თავისუფალის“ ნაცვლად „ნაწილობრივ თავისუფალით“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება განაგრძობდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღქმული ონლაინ
აქტივიზმისა და სიტყვის გამოხატვის ჩახშობას,“ - ნათქვამია ანგარიშში.
გასულ წელს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი 70 ქულა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ხელისუფლება აგრძელებდა ონლაინ და ოფლაინ აქტივიზმის წინააღმდეგ რეპრესიებს, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა. ონლაინ-ჟურნალისტები და სოციალური მედიის მომხმარებლები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, ხშირად შურისძიების წინაშე აღმოჩნდებიან, მათ შორის, ჯარიმების, ჩხრეკის, სასამართლოში გამოძახებისა და გამოძიების სახით,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ყველაზე თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყანა ესტონეთია. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლება გლობალურად ზედიზედ მე -16 წელია, უარესდება. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისამდე ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა 38 ქვეყნიდან 16-ში, ხოლო გაუმჯობესდა — რვა ქვეყანაში. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაუარესდა და მისი მაჩვენებელი 2022 წელს არსებული 78/100-დან 2026 წლისთვის 68/100-მდე შემცირდა.