ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა.
ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.