ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება აბსურდია.
„რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია. მეც იგივეს გავაკეთებდი რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მომხდარს სჭირდება რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა.
ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი, აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.