1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.