სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება.
„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!
იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც დაესრწრებიან.
პარტია „ლელო“ აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზებით, საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები. „3 ივლისს 20:00 სთ-ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.