„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ამის შესახებ პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, „დილით, მთავრობის სხდომის მონაწილეებს, მათ შორის პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ ხალხი უკმაყოფილოა“.
„სინამდვილეში, ჩვენ ძალაუფლების წართმევას და წაგლეჯვას არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, არ ვაპირებთ ამას არაკონსტიტუციური გზით, მაგრამ გარდაუვალად ჩამოიშლება მისი ძალაუფლება, ჩვენ მას აგურებს ვაცლით ყოველდღე და დღეს მას მნიშვნელოვანი აგურები გამოეცალა.
დღეს, ვინც აქ მოვედით ჩვენი ხმა გავაგონეთ, ახლა ორგანიზებულად შეგვიძლია, ავიდეთ და დიდ აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს შევუერთდეთ. მათთან ერთად ვიმოქმედოთ მომდევნო ნაბიჯებზე, დანარჩენს როდესაც ავბრძანდებით ერთად გავიგებთ”, - განაცხადა თავის მხრივ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მშვენიერაძემ.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა.
დღევანდელ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან.
შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ.
23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.