ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება

ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდ შევასრულებთ 12-ვე პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ წინა შემთხვევაშიც ვთქვით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატს სტატუსი და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.