პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად გადაადგილდებოდა. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ სახურავზე დატოვებული შაშხანა აღმოაჩინა.