ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სტატიაშია ნათქვამი.
„2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა, რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, სანქციების დაწესებას ვერ გაბედავდა. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მცდარი გათვლებიდან, რაც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - ნათქვამია სტატიაში.
ბორელმა აღიარა, რომ რუსული ენერგიის წყაროების შეზღუდვა, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.„მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად. ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობის სულისკვეთებით”, - აღნიშნა ბორელმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა სანქციების მომდევნო, მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ.
ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს - 2021 წელს რუსეთმა ამ ნედლეულის იმპორტიდან, დაახლოებით $15,5 მილიარდი გამოიმუშავა.