საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) GDI-ის საჩივარი Tbilisi Pride-ის საქმეზე განსახილველად მიიღო.
„საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ. შესაბამისად, საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ ხელისუფლების უმოქმედობის და არაეფექტური რეაგირების გამო კონვენციით გარანტირებული უფლებების, კერძოდ კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ საქმე ყველა მუხლთან მიმართებით დააკომუნიცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2022 წლის 13 ოქტომბრამდე ვალდებულია გასცეს პასუხი სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს საჩივარში წამოჭრილ ყველა საკითხის ირგვლივ. მათ შორის, სასამართლოს აინტერესებს, ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა ის ძალადობა, რომელმაც იფეთქა 2021 წლის 5 ივლისს და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები. ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა და მთავრობას დაავალა, 5 ივლისის უსაფრთხოების გეგმისა და შიდა მასალების წარმოდგენა, რომელიც ეხება შსს-ს მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას სადავო მოვლენების (2021 წლის 1-ლი და 5 ივლისის) წინ.
დღეს, ერთი წლის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დასრულებულია, თუმცა პასუხისგებაში არაა მიცემული ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული – მინიმალური სანქციები შეეფარდათ“, - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცახდებაში.
“თბილისი პრაიდის” და ლგბტქი+ აქტივისტების უფლებებს ევროსასამართლოს წინაშე GDI იცავს.
2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ძალადობრივი ჯგუფები ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
გამოძიებასთან დაკავშირებით, ბოლო ცნობა, პროკურატურამ თებერვალში გაავრცელა.