ვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად დაშვებულია და რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებულებისთვის - 78%-ით ამცირებს ლეტალობას. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის (60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, აუცრელები)„ომიკრონი“ შესაძლოა, სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაქცინირებიდან 6-8 თვის შემდეგ, ვირუსისგან დაცვა შემცირებულია და იმუნიტეტი ნაკლებია. იმ პირობებში, როცა ორი კვირის წინანდელ მონაცემთან შედარებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი, ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის გააქტიურების მნიშვნელობასა და შემოდგომისთვის რიგი რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, არ გამორიცხავს ნიღბის ტარების ვალდებულების ისევ შემოღებასაც.
„აუცილებელია, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაციის კამპანიის განახლება ნამდვილად საჭიროა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ცეტრმა დაიწყო ეს კამპანია და გეგმავს მის გაფართოებას. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ავუხსნათ, რატომ არის კორონავირუსი საშიში; რომ ვაქცინები ეფექტიანია, უსაფრთხოა და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ორი წლის განმავლობაში და ასევე, ის სტატისტიკა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ არის გამოქვენებული. მასში მკაფიოდ ჩანს, რომ გარდაცვლილთა 99% აუცრელი იყო. მეორე - იგივე პრაქტიკა, რაც ქვეყანას ჰქონდა გამოყენებული პანდემიის პირველი წლის განმავლობაში - ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ალბათ, ამ რეკომენდაციების შემოღება პრაქტიკაში ასევე იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.