ირაკლი კობახიძე „ალტ ინფოს“ პარტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ომბუდსმენმა პროკურორის ფუნქცია შეითავსა

"ომბუდსმენმა, კონსტიტუციური სარჩელის მომზადებით, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება, პროკურორის ფუნქცია შეითავსა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ალტ-ინფოს" მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვთ.

„ბუნებრივია, ჩვენ „ალტ-ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპათია არ გვაქვს. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ, ოფისთან მოვიდნენ და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება სახალხო დამცველის ინიციატივას, მას როგორც იურისტი შევაფასებდი. თავისი ფუნქციით, სახალხო დამცველი მთავარი ადვოკატია, ეს მისი კონსტიტუციური ფუნქციაა და ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე მიუღებელ ადამიანს ეხება, მაგალითად, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, თუ რამდენადაა მისი უფლებები დაცული.

მაგალითად, ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, 5 კაცი მოკლა, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს სახალხო დამცველი და ამას ადვოკატის პოზიციიდან უნდა უყურებდეს. ამ შემთხვევაში, კომიკური ისაა, რომ საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიების თავისუფლებაც ადამიანის ძირითადი უფლებაა და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ეს ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა, სახალხო დამცველმა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, ადვოკატია, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.