უკრაინული მხარის ცნობით, ორი სარაკეტო იერიშის შედეგად, ზმეინის კუნძულის მისადგომი მნიშვნელოვნად დაზიანდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, გამთენიისას ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონში განთავსებულ ორ საწყობს, შედეგად, განადგურებულია 35 ტონა ხორბალი.
კუნძული ზმეინი ოფიციალურად ისევ უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა 4 ივლისს განაცხადა. აღმართეს უკრაინის დროშაც.
30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის მხარე ამტკიცებდა, რომ ზმეინი „კეთილი ნების“ ნიშნად დატოვა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად", როგორც ამას თავად ამტკიცებდა. მანამდე, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, ოკუპანტებმა კი, კუნძული ევაკუაციის შედეგად დატოვეს. უფრო ადრე, უკრაინამ რუსული გარნიზონის წინააღმდეგ არაერთი შეტევა განახორციელა.