ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა  იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, რომელიც ბორის ჯონსონმა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან უკრაინის მიმართ გამოხატა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯონონს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში ლიდერობისთვის. 

„უკრაინაში ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, -  აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.