საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი აზრით, „დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი“.
„ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე.
ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს, დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.