საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.