ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა.
„საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა.
ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი.