შოთა ბურჯანაძე: სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია - სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება

"საქართველოში სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, სამომავლოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განხორციელდეს", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „დილის პალიტრაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სარესტორნო სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება.

„სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი.

არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამ ყველაფერზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.