საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი ბულინიგს და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს - მგონი, ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს, ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება, კომიტეტები და სესიები ასევე არის გამართლებული და მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც, მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ის კანონები, რომლებიც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა საკითხი და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა და არავის აქვს უფლება, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ძალიან წუხს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება.
„არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რამე მტკიცებულებები არსებობს, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს და არა ტელევიზიით და მედიის საშაულებით.
„ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.