პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო წუხილს გამოთქვამს. 

„ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომლებიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან საუბარი ერთი-ერთზე გაიმართოს და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის Facebook გვერდზე 13 ივლისს განთავსდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა. მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს. როგორც კელი დეგნანმა 15 ივლისს, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.