საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
- თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
- ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასადა თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.