თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
„მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.