ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ახლახან დათანხმდა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ.
19 ივლისს, პეტრ ფიალამ ბრიუსელში გამართა შეხვედრას ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებთან. მისი განცხადებით, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის.
„ორივე ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ნებას, რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე ჩეხეთის ინტერესებშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნავს ფიალა.
ცნობისთვის, მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მაკედონია და ალბანეთი NATO-ს წევრები არიან.