თეგი: ალბანეთი

ალბანეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები უკრინაში ჩავიდნენ

მონტენეგროს პრემიერ მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი და ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა უკრაინაში, ირპენსა და ბოროდიანკას ეწვივნენ. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკის Facebook- გვერდზე განთავსდა. თავის მხრივ, აბაზოვიჩმა ვიზიტისადმი მიძღვნილ Facebook პოსტში აღნიშნა, რომ მონტენეგრო უკრაინისთვის ამ რთულ დროს დახმარებას განაგრძობს. ბოროდიანკაში ვიზიტისას აბაზოვიჩმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ დასახლებაში „ომის ჯოჯოხეთური შედეგები“ ჩანს. კიევის რეგიონის ირპენის, ბუჩას და ჰოსტომელის დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან აპრილის დასაწყისში განთავისუფლდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირი გაწევრიანების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ახლახან დათანხმდა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა 19 ივლისს, პეტრ ფიალამ ბრიუსელში გამართა შეხვედრას ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებთან. მისი განცხადებით, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის. „ორივე ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ნებას, რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე ჩეხეთის ინტერესებშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნავს ფიალა. ცნობისთვის, მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მაკედონია და ალბანეთი NATO-ს წევრები არიან.  

ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის თავდაცვის სამინისტრს განცხადებით, ორი რუსი და უკრაინელი დააკავეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზასა და იარაღის ქარხანაში რეიდი ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მესაზღვრეებს დაესხა თავს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას განცხადებით, დაკავებულები ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.    

ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

"კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ალბანეთის ციფრული ინფრასტრუქტურის განადგურებას და საჯარო სერვისების პარალიზებას", - საჯარო სერვისებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დადასტურებულია, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ განხორციელდა. „თავდასხმა ჩავარდა და ზიანი შეიძლება, განხილულ იქნას მცირედ და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. დადასტურდა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ, რომელმაც დააფინანსა ოთხი სხვადასხვა დაჯგუფება ალბანეთზე თავდასხმის მოსაწყობად“,- დასძინა რამამ.    

მედია: ალბანეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

ტირანის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ალბანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი. სამართალდამცველების თქმით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება. ალბანური მედიის თანახმად, მინდია ლავასოღლის (გორაძე), რომელიც ტირანაში ცხოვრობდა, ძალადობრივი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.  

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთში ალბანეთის საელჩო იტყობინება.  ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს პირველი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა. „ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში გაცნობებთ, რომ ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბრის №858 ბრძანებულება უქმდება. ამრიგად, ალბანეთის რესპუბლიკაში მოსანახულებლად აუცილებელია ვიზაზე განაცხადი მოგზაურობის მიზნის შესაბამისად“, - წერს საელჩო. 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. შედეგად გაიზარდა ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი, განაცხადის განხილვის ვადა და სავიზო მოსაკრებელი: 35-დან 80 ევრომდე. მოგვიანებით, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა დახურეს საზღვრები რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამაც გააუქმა უვიზო შესვლა რუსებისთვის, მონტენეგრომ ზაფხულში უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა, ხოლო ყაზახეთმა 90 დღემდე ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მ და კანადამ დახურეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. ბევრმა ავიაკომპანიამ, მათ შორის აზიისა და დსთ-ს ქვეყნებიდან, რუსეთში ფრენები შეწყვიტა.  

ალბანეთის პრემიერი: უკრაინის დამსახურებაა ჩვენი დაცულობა

ევროპული ქვეყნები უკრაინის მადლიერნი უნდა იყვნენ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ამჟამად უკრაინელი ხალხი ევროპისთვის. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ალბანეთს არასოდეს ჰქონია ილუზია მოსკოვის რეჟიმის ბუნების ცვლილების შესახებ. „ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან, უკვე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღარ არსებობდა. ნუ მთხოვთ, ახსნას როგორ და რატომ, რადგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენს მოგზაურობას ისლანდიაში“, - განაცხადა ედი რამამ. რამამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან პუტინის პოპულარობა ალბანეთში 0,7%-დან 1,2%-მდე მერყეობს.  

ჯორჯია მელონიმ ალბანეთის რესტორანში იტალიელი ტურისტების ვალი დაფარა - BBC

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ალბანეთში ოთხი იტალიელი ტურისტის რესტორნის ვალი დაფარა. BBC-ის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა თავის იტალიელ კოლეგას გაესაუბრა, როდესაც ჯორჯია მელონი ალბანეთს სტუმრობდა. მელონიმ იტალიის ელჩს უთხრა: „წადი და გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში," - წერს BBC გაზეთ La Stampa-ზე დაყრდნობით. იტალიის საელჩომ ალბანეთში დაადასტურა, რომ მელონიმ დაახლოებით 80 ევრო გადაიხადა. „იტალიელები პატივს სცემენ წესებს და იხდიან ვალებს და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

ყაზახეთისა და ალბანეთის პრეზიდენტებმა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრეს

ყაზახეთისა და ალბანეთის პრეზიდენტები, ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ბაჯრამ ბეგაჯი, ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარებისთვის საჭირო ფართომასშტაბიანი ინიციატივების შემუშავებას მიესალმნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ასტანაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორივე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და შიდა პოლიტიკისა და სოციალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ყაზახეთისა და ალბანეთის ხალხების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს საინვესტიციო პოლიტიკის გამჭვირვალობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა მათი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის; გააგრძელონ ძალისხმევა ინვესტორებისთვის სტაბილური, ღია და პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს უზრუნველსაყოფად; და ერთობლივად დაუჭირონ თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი სარგებლის რეალიზებას, ინვესტორთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას,“ - წერია ინფორმაციაში. განცხადების თანახმად, მხარეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გახსნისა და ფრენების და მიმართულებების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის მიმართ. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.  

ზელენსკი ალბანეთს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა უკრაინის ლიდერთან ქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. „გარდამტეხი მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში,“ - დაწერა ჰასანმა. მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც ორმხრივი ვიზიტით, ასევე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო. „მოწვეული იქნება ლიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა ევროპის ამ ნაწილიდან და პრეზიდენტი ზელენსკი იქნება ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კონტექსტში“, - განაცხადა პრემირმა.  

ალბანეთმა და უკრაინამ "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება“ გააფორმეს

ალბანეთმა და უკრაინამ  "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას" მოაწერეს ხელი. ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ტირანაში ვიზიტის დროს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე განაცხადა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ხელმოწერილი შეთანხმება დაეხმარება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ალბანეთთან და უკრაინის პოზიციებთან ბალკანეთში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის ვაჭრობა, კულტურა, განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, მედია, სპორტი და ტურიზმი. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ალბანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან და რამამ განიხილეს უკრაინის მუდმივი თავდაცვის საჭიროებები და „იარაღის ერთობლივი წარმოება.“  

ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა

ალბანეთმა, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის ფონზე, NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საბჭოთა ეპოქის განახლებული საჰაერო ბაზა გახსნა. ამის შესახებ ალბანეთის მთავრობის მეთაურმა, ედი რამამ განაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი საჰაერო ბაზა, წვრთნებისა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ოპერაციების თანამედროვე კერა იქნება. ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა 2005 წელს დახურული ბაზის ხელახლა გახსნას მიესალმა. „უსაფრთხოების კიდევ ერთი ელემენტი დასავლეთ ბალკანეთის ჩვენი რეგიონიდან. რომელსაც კარგად ვიცით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსეთის ფედერაციის ნეოიმპერიალისტური საფრთხეებისა და ამბიციების გამო," აღნიშნა რამამ. მისივე განცხადებით, ტირანა NATO-სთან ასევე განიხილავს ალბანეთში საზღვაო ბაზის შექმნას. NATO-მ ბაზის განახლება 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. დაფინანსება საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების რემონტს მოიცავდა. „კუჩოვას საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ ნატო აგრძელებს თავისი ყოფნის გაძლიერებას დასავლეთ ბალკანეთში, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში," - განაცხადა NATO-ს სპიკერმა დილან უაიტმა. ალბანეთი NATO-ს 2009 წელს შეუერთდა. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.  

NATO-მ ალბანეთის მოდერნიზებული ბაზა, ალიანსის საჰაერო ოპერაციების ჰაბად გამოაცხადა

ალბანეთში, ათწლეულების წინანდელი ბაზა NATO-ს მომავალი საჰაერო ოპერაციებისთვის თანამედროვე კერად გადაკეთდა. ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა 4 მარტს გახსნა. NATO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარე კუჩოვის საჰაერო ბაზა მოემსახურება ალბანეთს და მხარს დაუჭერს ალიანსის ლოგისტიკას, საჰაერო ოპერაციებს, წვრთნებსა და სწავლებებს. NATO-მ ბაზის განახლება დაახლოებით 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. „საჰაერო ბაზა NATO-სთვის მნიშვნელოვანი საჰაერო კერა იქნება. კუჩოვის საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ NATO ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში, დასავლეთ ბალკანეთში ყოფნის გაძლიერებას აგრძელებს,“ განაცხადა სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა. ცნობისათვის, ალბანეთში ბაზის მოდერნიზება 2019 წელს დაიწყო. ეს არის NATO-ს უდიდესი პროექტი ალბანეთში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბაზის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაას ესწრებოდნენ ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი, პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ასამბლეის პრეზიდენტი ლინდიტა ნიკოლა, თავდაცვის მინისტრი ნიკო პელეში და თავდაცვის მეთაური გენერალ-მაიორი არბენ კინჯი. გამომსველელებს შორის ასევე იყვნენ იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო, თურქი გენერალ-ლეიტენანტი გოქსელ კაჰია და სხვა მაღალჩინოსნები. NATO-ს მხრიდან ღონისძიებას შეუერთდნენ კომბინირებული საჰაერო ოპერაციების ცენტრის (Torrejón) მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ხუან პაბლო სანჩეს დე ლარა და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალური მენეჯერი სტეისი კამინგსი.  

აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის შესყიდვას კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა იწყებს

ალბანეთი აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენებას 2026 წლიდან აპირებს, ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია S&P Global Ratings-ზე დაყრდნობით წერს. „გარდა ამისა, არსებული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP), მიზნად ისახავს ალბანეთის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას და მისი დამოკიდებულების შემცირებას ჰიდროენერგეტიკაზე. TAP-ის მთავარი როლია ალბანეთში, ხელი შეუწყოს გაზის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან ევროპის ბაზრებზე, მათ შორის, იტალიაში,“ - აღნიშნავს S&P. ალბანეთში აზერბაიჯანული გაზის წლიური მიწოდება დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრს მიაღწევს. ალბანეთი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მეცხრე მყიდველი იქნება იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს, თურქეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ. ამასთან, არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა სურთ. ესენია ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2023 წელს 11,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. მთლიანობაში ქვეყანამ გასულ წელს 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა. ევროკავშირთან მემორანდუმის მიხედვით, ბაქომ 2027 წლისთვის ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით შაჰდენიზის გაზის კონდენსატის საბადოდან 2020 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. TAP-ის მთლიანი სიგრძეა 878 კმ, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანას აქვს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული გაზის საბადო, კერძოდ, ბაბაკი, აბშერონი, უმიდი და ყარაბაღი.