სააპელაციო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე განიხილეს, მომდევნო სხდომა კი 4 ოქტომბერს დაინიშნა.
დაცვის მხარე ოთხი შუამდგომლობით წარდგა, საიდანაც მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.
აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, აღნიშნული დოკუმენტები სასამართლო განაჩენის სამართლებრივი ანალიზია, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს მტკიცებულებას.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.