გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: გვსურს, საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა, ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს

„ჩამოვედი, რომ განმეცხადებინა: ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ რეალობად აქციოს თავისი ევროპული პერსპექტივა. ამ გზაზე გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს“, -ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა.

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კატრინ გიორინგ-ეკარდტმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. მას ასევე ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან.

შეხვედრების თემები იყო ევროპასა და საქართველოში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განსახორციელებელი პრიორიტეტების პროცესი საქართველოში. გიორინგ-ეკარდტმა მოუწოდა საქართველოს, შეუპოვრად მიჰყვეს ევროპულ გზას და მტკიცედ განახორციელოს საჭირო რეფორმები.