იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე წარდგება, რათა დაადასტუროს აქვს თუ არა მას უმრავლესობა. ამის შესახებ Politico წერს. 

გამოცემა წერს, რომ არსებობს ორი შესაძლო შედეგი: დრაგი იტყვის, რომ მას მაინც შეუძლია მართოს მთავრობა და დარჩეს პრემიერ-მინისტრად, ან აღიაროს, რომ არ შეუძლია და 17 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, რაც იტალიაში შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს.

მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის კონკურენციისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რათა ევროკავშირის პოსტ-პანდემიური სახსრების შემდეგი ტრანში (20 მილიარდი ევრო) მიიღოს. მთავრობამ ასევე უნდა მოამზადოს და ამოქმედდეს საბიუჯეტო კანონი, რათა გადაჭრას ცხოვრების მზარდი ხარჯები და უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამწვავდა.

დრაგი ოთხშაბათს, სიტყვით სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში გამოვა. ამას მოჰყვება დებატები და სენატის წევრები კენჭს უყრიან, ენდობიან თუ არა პრემიერს.

ხუთშაბათს დრაგი ხელახლა გამოვა დეპუტატთა პალატაში, რასაც მოჰყვება დებატები და კენჭისყრა. 

სამშაბათს, დრაგიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ენრიკო ლეტასთან, ასევე მემარჯვენე ლიდერებთან, მოლაპარაკება გამართა.

თუმცა, „5 ვარსკვლავის“ მოძრაობა, სავარაუდოდ, მოხსნის მხარდაჭერას, თუ დრაგი არ დააკმაყოფილებს მის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის მინიმალური ხელფასის ჩათვლით, და კოალიციის მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ აღარ სურთ „5 ვარსკვლავიან“ მთავრობაში ყოფნა.

თუ დრაგი გადაწყვეტს, რომ მას არ აქვს უმრავლესობა, ან თვლის, რომ მისი მთავრობა ვეღარ იქნება ეფექტური, მას შეუძლია საერთოდ გამოტოვოს ხუთშაბათის კენჭისყრა და პირდაპირ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან მივიდეს და გადადგეს.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა მესამედზე ნაკლები ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ნახევარზე მეტს კი სურს, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობა განაგრძოს. 

მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.