"მიზნის მისაღწევადც, რასაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოების 85%, საჭიროა ერთობლივი მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ევროპარლამენტარებთან ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგმა სხვა ფორმა უნდა მიიღოს, რადგან არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას", - ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპალმენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე.
მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და არ ვეთანხმებით, ცალ-ცალკე ეს არ ხდება და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ყველასთვის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება, თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის.
ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა, და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ისინი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა დაგეგმილია ოპოზიციურ სპექტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთანაც.